Sunday, May 10, 2015




ახალმოწამენი











წმინდა ახალმოწამე სიმონ მჭედლიძე -სიტყვა ნინოობას , თქმული ქუთაისის საკრებულო ტაძარში 14 იანვარს 1914 წელს 


წმ. მოციქულთა სწორი ქართველთა განმანათლებელი ნინო , რომლის ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ , იყო კაბადუკიელი ქალი , ბიძაშვილი წმ.მთმწ. გიორგისა .
კარგათ არ არის გამორკვეული , რომელ ეროვნებას ეკუთვნოდა იგი ჩამომავლობით . რადგან იმ დროს კაბადუკიაში ქართველებიც მოსახლეობდენ , ამიტომ ფიქრობენ , რომ იგი ჩამომავლობით ქართველი უნდა ყოფილიყო . ამას გვაიძულებს ვიფიქროთ ის გარემოებაც , რომ ნინოს ზედმიწევნით უნდა სცოდნოდა ქართული ენა , რომ ექადაგნა ისეთი მაღალი სწავლა , როგორიც არის ქრისტიანული სწავლა ; თუმცა არც ის არის გასაკვირვალი , რომ ქართული ენის ცოდნა მას სასწაულებრივ მიეღო , როგორც ეს შეემთხვა ასურეთლდან (ასურეთიდან) მოსულ მამებს , რომლებმაცშემოსდგე თუ არა ფეხი საქართველოში , მაშინვე ქართულად იწყეს ლაპარაკი და ამ
ენაზე მიესალმენ მაშინდელ მცხეთის კათალიკოსს წმ. ევლავიოზს .
ნინოს დედმამამ ადრე დატოვეს კაბადუკია და იერუსალიმში გადაესახლენ , სადაც იმ დროს პატრიარხობდა წმ.ნონოს ბიძა იობენალი . იგინი მალე დაშორდენ ერთმანეთს და თავი შესწირეს ქრისტიანობის გავრცელებას პალესტინელ წარმართთა შორის , ხოლო თორმეტი წლის ნინო აღიზარდა იერუსალიმში , იქვე გაუჩნდა მასს აზრი ქრისტიანობის გავრცელებისა საქართველოში და აქედგანვე წამოვიდა იგი თავის განძრახვის განსახორციელებლად . ბევრი დაბრკოლება განიცადა წმ.ნინომ გზაში
იერუსალიმიდან საქართველომდი , ბევრი დაჭირვება ნახა თვით მცხეთას
ქრისტიანობის ქადაგების დროს , მაგრამ ყოველივე სძლია სუსტმა ქალწულმა და ბოლოს მიარწია მიზანს ; გაანათლა ქრისტეს სწავლით მეფე მირიანი და დედოფალი ნანა და მოჰფინა ქრისტიანობა მთელ საქაართველოს ; და ეს შეძლო , ვიმეორებ ,
სუსტმა ქალწულმა , უცხო ქვეყნიდან მოსულმა ...
ჭეშმარიტად საამაყო შემთხვევა გაქვთ , დედებო , მანდილოსნებო , ქალმა განანათლა საქართველო , ქალმა მოჰფინა ქრისტიანული მეცნიერება ქართველ ერს ,ქალმა გამოიყვანა ქართველი ერი კერპთაყვანისცემის სიბნელისაგან , ქალმა ამცნო ჭეშმარიტება ქართველს და დააყენა იგი საკაცობრიო ცხოვრების გზაზე , ქალმა აუხილა თვალი დედოფალ ნანას , გამოუბრწყინა ჭეშმარიტი მზე მეცნიერებისა მერე მირიანს , მთელ ქართველ ერს და უჩვენა გზა სამოთხისკენ მიმავალი .
იამაყეთ , დედებო ! ქალმა მოგხადათ დანაშაული . ქალისაგან მოხდა დაცემა , მაგრამ ქალისაგანვე მოხდა აღდგომაც . ევამ ჩააგდო ადამი წყევაში , მაგრამ თესლმან ქალწულისა მარიამისამან დაიხსნა იგი წყევისაგან . ქალისაგან შემოვიდა საცთურება და სიკვდილი კაცობრიობაში , ქალმავე შემოიტანა აღდგომა, ცხოვრება და ჭეშმარიტება . იამაყეთ ქართველოს დედებო ,
ქალმა აღადგინა საქართველოს , ქალმა გამოსტაცა საქართველო ჯოჯოხეთს ქალმა დაამყარა საქართველოში სასუფეველი ღვთისა . იამაყეთ , თუ შეგიძლიათ სიამაყე .
მაგრამ , საუბედუროთ ჩემდა , ვხედავ , რომ გაკლიათ თქვენი მდგომარეობის შეგნება და , მაშასადამე ვერც იამაყებთ დღემანდელი (დღევანდელი) შემთხვევით . წმინდა ნინო თავის მიზნით სულ განმარტებულად გვეჩვენება ქართველ ქალთა და საზოგადოთ თანამედროვე ქალთა უდაბნოში . მიზანი წმ.ნინოსი სულ არ ჰგავს იმ მიზნებს , რომლებსაც ემსახურება , რომლებისთვისაც იღვწის და იბრძვის დღესანდელი ქალთა საზოგადოება . ნინო ეტანება ცას , ესენი კი ეკვრიან მიწას ; ნინო ესწრაფება სამარადისოს , ესენი ებღაუჭებიან წარმავალს , აჩრდილს და კვამლს , ნინო
სთეს ჭეშმარიტებას , ესენი ჭორებს და სიცრუეს ; ნინო ავრცელებს სარწმუნოებას , ესენი ურწმუნოებას ; ნინო ამყარებს საქართველოში ღვთის სასუფეველს , ესენი ჯოჯოხეთს ; ნინო ჰპოებს განსვენებას ღვთის სჯულში , ქრისტეს მოძღვრებისგანხორციელებაში , ესენი კი ტანცებში , ბანქოში , ლოტოში ; ნინო უწოდებს ქართველებს ეკლესიში , ესენი კლუბებში , თეატრებში , ბალებში , ვეჩერებში . ნინო ჰპოებს თავისუფლებას სარწმუნოებაში , ესენი ეძებენ მას პოლიტიკაში ; ნინო ამაღლებს ზნეობას , ესენი ამცირებენ ; ნინო ჰქადაგებს სულიერ სიყვარულს , ესენი ხორციელს ; ნინო ებრძვის ეშმაკს და მის მანქანებას , ესენი ემორჩილებიან მასს და ებრძვიან ეკლესიას და სარწმუნოებას . ასე სხვადასხვაა ნინოსი და თანამედროვე
ქალთა უმეტესი ნაწილის მიზანი და მისწრაფება , ამიტომ არც აქვთ საბუთი იამაყონ დღევანდელი შემთხვევით . დარწმუნებული ვარ , არც ახსოვს ბევრს წმ.ნინოს დღეობა და თუ გაიხსენებს ვინმე , მხოლოდ იმ მიზნით , რომ თავის მეგობარ ნინოს დღეობა მიულოცოს და ვიზიტი გაუკეთოს . არც თვით ნინოებს ახსოვთ თავის მოსახელე ქართველთ განმანათლებელი . მათი ზრუნვა ეს ტორტებით და ტკბილეულებით განისაძღვრება , ისინი დღეს სცდილობენ გააკვირვონ საზოგადოება არა თავის სარწმუნოებით , არა წმ. ქართველთა განმანათლებელ ნინოს პატივისცემით , არამედ რთვეული სტუმრების პატივისცემით და დიდი მასპინძლობით . ჭეშმარიტად სამწუხაროა ასეთი დამცირება და დაჯნინება ქალთა საზოგადოებისა ;სწორედ სავალალოა ადამიანური მიზნის ასეთი დახურდავება . ,, მართა , მართა , ზრუნავ და შფოთხარ მრავლისათვის , ხოლო აქა ერთისა არს სახმარ .’’ უთხრა მაცხოვარმა მრავალი მასპინძლობისათვის მზრუნავ მარტას , და ჩვენს ამავე
სიტყვებით უნდა მივმართო თანამედროვე ქალებს : ზრუნავთ და შფოთავთ
მრავლისათვის და დაგივიწყებიათ უმთავრესი - სჯული და სარწმუნოება , რომელიც აძლევს ადამიანს სრულ კმაყოფილებას და ჭირსაც კი ლხინად უქცევს
არ შემიძლია არ ვუსაყვედურო დღეს ჩვენს ენით ქართველ პატრიოტებსაც ,
რომლებსაც აკლიათ ჭეშმარიტი მოღვაწის , სამშობლოს მოამაგის და მოჭირნახულეს პატივისცემა . ნინომ შექნმა საქართველოს ,მან დაიცვა ქართველთა ეროვნული სახე , მან შეინახა ჩვენი ტკბილი დედაენა , და , თუ მათ საქართველო უყვართ , დღეს აქ , ნინოს ხატის წინ უნდა იყვნენ პირქვე დამხობილნი , ნინოსთან ერთად უნდა იხსენებდენ თამარს , ქეთევანს , შუშანიკას , (შუშანიკს ) ერისა და სარწმუნოებისათვის თავდადებულ მთავრებს და მეფეებს და მათი მაგალითით მხნევდებოდენ და ამხნევებდენ სხვებსაც .
უფალო , ნუ გააქრობ ჭეშმარიტ მამულიშვილობას ქართველის გულში , უფალო განუმტკიცე ქართველს სარწმუნოება , მაცხოვარო , ააორძინე ქართველის დედები და ასწავე მათ პატივისცემა ნინოსი , აღძარ გულნი მათნი სმენად და აღსრულებას სახარებისა შენისა , შეაყვარე მათ წმ. ეკლესია , განაშორე მათგან გამრყვნელნი და დამაბნელებელნი ვნებანი და განცხრომანი , ასწავე მათ სმენა ქადაგებისა შენისა მსგავსად მარიამისა დისა ლაზარესი , რომელის იჯდა ფერხთა შენთა თანა და ისმენდა სიტყვასა შენსა , განაშორე მათგან ზრუნვა მრავალი და აღძარ იგინი ქადაგებად სარწმუნოებისა , ვითარცა ოდესმე ნინო აღძრა განსანათლებელად საქართველოისა ! უფალო , გვასწავე ჩვენ ჯეროვნად დიდება შენი , და პატივისცემა წმიდათა შენთა , უფალო , მოგვეც ქვეყნიური კეთილ-დღეობა და ნუ დაგვაკლებ
ზეცისა შენსა სასუფეველსა , მეოხებითა წმიდისა მოციქულთა წორისა (სწორისა) ქალწულისა ნინოსითა . ამინ .
შინაური საქმეები , N 1, 1914 :14-15.